ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ურეკის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ურეკში განხორციელდება: დაბა ურეკის კულტურის სახლის გათბობის სისტემის რეაბილიტაცია,სანიაღვრე არხების გაწმენდა, გარე განათებისა და შიდა გზების მოწყობა.
„ რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლის კრებების ჩატარება. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობასთან კონსულტაციებით, სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით ხდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რა ტიპის პროექტის განხორციელებას დაუჭერს მხარს, საკუთარ სოფელში თუ დაბაში. მათ უკეთ იციან რა არის საჭირო და ეს არის ბიძგი სოფლის გამოცოცხლებისთვის“ - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია და რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ადგილები მოინახულეს, რომლის მოწესრიგებასაც მოსახლეობა ითხოვს.