სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დაესწრო

2019-02-04 17:07:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დაესწრო.

კონფერენციაზე საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ ხედვაზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.

„რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მოვალეობაა და ახალი ხედვა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ და ამ უწყებების საქმიანობა ერთიან სტრატეგიაში უფრო ეფექტიანი გავხადოთ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კოორდინირებულები და ინფრასტრუქტურის განვითარება იყოს არა მხოლოდ ეპიზოდური პროექტები, არამედ, ყველა ეს ობიექტი განვიხილოთ როგორც უფრო დიდი გეგმის, იდეის, სტრატეგიის ნაწილი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე ქვეყნის აგრარული პოტენციალი და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარადგინა. სასტარტო კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამებზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალსა და ახალ ბაზრებზე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

ეკონომიკური ფორუმი თბილისის ტექნოპარკში 29-30 იანვარს ჩატარდა.