გურიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
გურიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საერთო კრებები ჩატარდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში.
სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბუკისციხის, იანეულის და დაბლაციხის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივებს აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფელ ბუკისციხის მოსახლეობამ წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა შეარჩია.
იანეულის მოსახლეობამ სოფლის შიდა გზების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გარე განათების მონტაჟი გადაწყვიტა.
დაბლაციხის მაცხოვრებლებმა გათვალისწინებული თანხის ფარგლებში გარე განათების მონტაჟი და შიდა სასოფლო გზებზე ცხაურების, მილხიდების მონტაჟი შეარჩია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, ის ადგილები მოინახულეს, რომლის მოწესრიგებასაც ადგილობრივები ითხოვენ.