სიახლეები

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კონფერენციას დაესწრო

2019-02-12 10:15:00

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას, დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს ხედვასა და თხილის კულტურის დაცვის მიზნით დაგეგმილ ხელშემწყობ ღონისძიებებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. თხილის მწარმოებელ ასოციაციაში შარშან რამდენიმე ასეულ ფერმერთან ერთად გამოვცადეთ პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფერმერთა ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და მობილიზებას ვცდილობთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. საამისოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებიც არის გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა აგრო ღონისძიება ჩაატარონ იმ რჩევების შესაბამისად, რომლებსაც სამინისტრო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ერთობლივად მოამზადებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცემს 2000 ერთეულ მაღალი ეფექტიანობის შესაწამლ აპარატს და უსაფრთხოების საშუალებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა. სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ ვრცლად ისაუბრა რეგიონში თხილის სექტორში არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ა. ვიბლერმა.

კონფერენციის მუშაობაში 400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.