სიახლეები

გურია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2019 წლის ფინალურ თამაშებს უმასპინძლებს

2019-02-19 15:53:00

გურია მასობრივ სპორტულ ღონისძიებას - სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2019 წლის ფინალურ თამაშებს უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიება ოზურგეთში 23- 27 ივნისს გაიმართება.

ოლიმპიადის თამაშებში ამჟამად ჩართულია საქართველოს 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე. ოლიმპიადა შედგება მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი ეტაპებისგან. ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები იმართება: მინი ფეხბურთში, 3X3 კალათბურთში, ფრენბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და მძლეოსნურ გარბენში.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მოადგილესთან გია ებრალიძესთან ერთად, შეხვდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სპორტის განვითარების ცენტრის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის და სამხატვრო გალერეის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის თამაშები, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 ოქტომბრიდან დაიწყო. სპორტული ღონისძიება იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით.