სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩოხატაურში იმყოფებოდა

2019-04-08 10:24:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის ბუკისციხე-ზემო სურების დამაკავშირებელი გზის 6,5კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა მშენებლებისგან მიიღო ინფორმაცია სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. პროექტი, რომლის ღირებულება 2,5 მილიონ ლარს აღემატება, თვის ბოლომდე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, რომელზეც 38 ადამიანია დასაქმებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუკისციხე-ზემო სურების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადგილობრივთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, სოფლების ერთმანეთთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან უკეთ დაკავშირებას, ასევე რეგიონში ტურიზმის განვითარებას. მამუკა ბახტაძე ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის რეფორმების შესახებ ესაუბრა, რომლის ფარგლებში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ახალი სკოლებისა და ბაღების მშენებლობა იგეგმება.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას პრემიერი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პრემიერ-მინისტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურების ახლადაშენებულ სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. მამუკა ბახტაძე მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი თანამდროვე სტანდარტების სკოლები საქართველოს მასშტაბით აშენდება.

შუა სურებში ახალი სკოლა მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში აშენდა. სკოლა, რომლის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დასრულდა, თანამედროვე ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტების შესაბამისია.მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე, ენერგოეფექტური და უსაფრთხო სამშენებლო მასალა. პროექტი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, სადაც განთავსებულია აქტივობების კუთხე, მცირე ბიბლიოთეკა და სამასწავლებლო. საჯარო სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.