საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა - NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა. მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო.
ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.
მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ" აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა მიაწოდა.
1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას პრემიერი ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.