ურეკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
ურეკში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. დაგეგმილი პროექტები დღეს მოსახლეობას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნეს.
დაბა ურეკის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილ. ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 627 316 ლარია.
პროექტი მოიცავს ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის, ე. თაყაიშვილის ქუჩისა სამშენებლო სამუშაოებს. მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი, სავალი ნაწილი ორივე მხარეს ფილაქნით, ახალი სანათები მთელს ქუჩაზე. გარე განათების სრულიად ახალი სისტემა. რაც შეეხება თავად სანაპირო ზოლს ანუ ბულვარს – მოეწყობა ცენტრალური შესასვლელი (საჩრდილობლით); ფეხით მოსიარულეთა ბილიკი და ველობილიკი; მთავარი მოედანი (მოსასვენებელი ზონა საჩრდილობლებით); სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის; ბულვარის მთელს სიგრძეზე მცირე მოედნები ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისათვის. განხორციელდება ე. თაყაიშვილის ქუჩისა და ბულვარის დამაკავშირებელი გასასვლელების რეკონსტრუქცია; მოეწყობა მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი; რეკრეაციული ზონები; ბავშვთა გასართობი მოედნები/ზონები სპორტული აქტივობებისთვის, სანაპირო ზოლის მთელს სიგრძეზე. პროექტით გათვალისწინებულია ასევე დეკორატიული გამწვანებისა და მოსასვენებელი ზონების, ველოსიპედების გასაქირავებელი ადგილის, პარკინგის და გაჩერებების მოწყობა.
დაბა ურეკში, ასევე, აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაც. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ისაუბრეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა.
განსახორციელებელ პროექტებთან ერთად სხვა საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.