სიახლეები

გურიაში კენკროვანი კულტურების ფორუმი „გურია 2021'' გაიმართა

2021-07-19 11:08:00

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კენკროვანი კულტურების ფორუმს- „გურია 2021" დაესწრნენ.

ფორუმის მონაწილეებმა გასული წლის შედეგები შეაჯამეს, „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის" დეტალები განიხილეს და თანამედროვე ცოდნასა და აგროტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მწარმოებლებმა ფორუმის მონაწილეებს ის გამოწვევები გაუზიარეს, რაც კენკრის ექსპორტის და მარკეტინგის მიმართულებით არსებობს და რაც დარგის კონკურენტუნარიანობის გაზრდას უკავშირდება.

“მოხარული ვარ, რომ გურიაში წელს პირველად იმართება კენკროვანი კურტურების ფორუმი. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ს. მოგეხსენებათ გურია მცირემიწიანი რეგიონია, ჩვენთან დომინანტ კულტურას ოდითგანვე წარმოადგენდა ჩაი და ციტრუსი, ოდნავ მოგიანებით კი თხილი. დღეს ფეხს იკიდებს ლურჯი მოცვიც. დღევანდელი ფორუმი იქნება შესაძლებლობა ფერმერებისათვის გაეცნონ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, გაიგონ თუ რას სთავაზობს მათ საქართველოს მთავრობა და დონორი ორგანიზაციები. დღევანდელი დღე ჩემის აზრით იქნება სტიმული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ დაიწყონ კენკროვანი კულტურის ბიზნესი და გააშენონ ახალი პლანტაციები,“- განაცხადა გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში გამართულ კენკროვანი კულტურების ფორუმს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და კენკრის მწარმოებლები ესწრებოდნენ.

ფორუმი „გურია 2021“ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩატარდა.