სიახლეები

წვერმაღალას პარკში გურიის აგრო-ტურისტული ფესტივალი - „ჩაის გზა“ გაიმართა

2021-07-19 11:22:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალას პარკში გურიის აგრო-ტურისტული ფესტივალი - „ჩაის გზა“ გაიმართა.

ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლი ანა ჩერნიშოვა, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მისი აღმატებულება ბატონი იმამურა აკირა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი „ჩაის გზა“ 2019 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტარდება, რაც დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

ფესტივალზე გურიის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო. ასევე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი თაფლის, მშრალი ხილის, ღვინის და კენკრის ნაწარმი.

სოფელ მელექედურში პროექტ „ჩაის გზის“ ფარგლებში მე-5 ტურისტული ლოკაცია გაიხსნა, რომელიც ტურისტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესში, შემდეგ კი სადეგუსტაციო სივრცეში დააგემოვნოს ადგილობრივი ნაწარმი.

ფესტივალის მიზანია სასტუმროებს და ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც დამატებითი შესაძლებლობაა რეგიონის პოპულარიზაციისათვის.