სიახლეები

გურიის რეგიონში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

2021-07-27 14:04:00

 
მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ოზურგეთის ,,მედალფას” კლინიკაში
საყოველთაო აცრა მიმდინარეობს - პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მობილიზებულია შვიდი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. კლინიკაში საყოველთაო აცრის მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე.
აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და უკვე, ,,ფაიზერითაც“ კეთდება.
დღეიდან ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი დამატებითი ასაცრელი პუნქტი დაემატა შეკვეთილში, ემერჯენსის შენობაში - სამედიცინო ცენტრი ,,დოსტაქარი“.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით - 7059 მოქალაქეა ვაქცინირებული.
გიორგი ურუშაძე დღეს ,,სინოფარმის“ მეორე დოზით აიცრა. რწმუნებულმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მასობრივი ვაქცინაციისკენ და აღნიშნა, რომ ის ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.