გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად, სამივე მუნიციპალიტეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკო.
2008 წლის 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გურიიდან 9 სამხედრო დაიღუპა: ოზურგეთიდან – თეიმურაზ ჭიტაძე, თამაზ ნიკიტინი, ზაურ თენიეშვილი. ჩოხატაურიდან – მერაბ ახობაძე, ფილიპე მგალობლიშვილი, მურთაზ ირემაძე. ლანჩხუთიდან – ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, გიორგი ლომაძე; 2004 წელს სამაჩაბლოში გმირულად დაეცა ზაზა დამენია, 1993 წლის 20 ივნისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში ტყვედ ჩავარდა და სასტიკი წამების შედეგად დაიღუპა ვაჟა თოდუა.
,,თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას და მადლობას ვუხდი ღირსეულ მშობლებს იმ გმირების აღზრდისთვის, რომლებმაც სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს! ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირების სისხლი აუცილებლად იქნება საწინდარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და მათი ხსოვნა არასდროს მიეცემა დავიწყებას“,- აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.