სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონისთვის მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ანალიზის (MDPA) კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, იწყებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა მოსახლეობის სიღარიბის შეფასების მრავალფაქტორიანი კვლევა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნულიკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ- მუზეუმის ღია სივრცეში, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე დაესწრო.
გურიის რეგიონისთვის მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ანალიზის (MDPA) კვლევის მიზანს წარმოადგენდა გურიის ეროვნული პარკის პროექტის განხორციელების არეალში დეტალური ინფორმაციის მიღება სიღარიბის განზომილებების შესახებ, რათა მოხდეს მათი გათვალისწინება გურიის ახალი ეროვნული პარკის შექმნის სტრატეგიასა და მიდგომებში.
აღნიშნული პროექტის განხორცილების ხელშეწყობის მიზნით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ შეირჩა ორი პარტნიორი ორგანიზაცია: „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო. პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე, ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის. გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.