სახელმწიფო რწმუნებული გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა და სამომავლო საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. რწმუნებულმა რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც გურიაში ხორციელდება.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გამოთქვამს მზაობას აქტიურად ითანამშრომლოს გურიის რეგიონთან, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და განახორციელონ ისეთი პროექტები, სადაც ჩართული იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნეს-სექტორი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობები.
GIZ-თან თანამშრომლობით საქართველოში არაერთი პროგრამა განხორციელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.