სიახლეები

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართვა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ხორციელდება

2021-09-20 10:10:00

გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჩართვა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში აქტიურად ხორციელდება. 200-ზე მეტმა მასწავლებელმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა გურიიდან მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სარგებლობისა და მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც UNICEF-ის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით გაიმართა. სესიებს, რომლებსაც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი მასწავლებლები დაესწრნენ, ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებოდნენ. მასწავლებლებს სიტყვით მიმართა, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ - ემი ქლენსიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა სკოლების უსაფრთხოდ გახსნის აუცილებლობას.

სესიებზე ექიმებმა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში კოვიდ-19-თან დაკავშირებული იმუნიზაციის ძირითადი ტენდენციები და მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარება; იმუნიზაციის მნიშვნელობა და Covid-19-თან დაკავშირებული გართულებები, მათ შორის, ბავშვებში; ქრონიკული დაავადებებისა და ალერგიების მქონე პაციენტების ვაქცინაცია. საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ ვაქცინაცია. ჯამში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლაში - 1428 თანამშრომლიდან აცრილია 1139, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 832 -დან 617 და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - 791-დან 534.