სამხარეო ადმინისტრაციაში კურორტ გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტის შემმუშავებელი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის კონცეფციის პროექტის შემმუშავებელი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კურორტ გომისმთას ამ დრომდე არ გააჩნდა კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული და დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაცია. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, კონტრაქტორმა კომპანიამ - საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით დაიწყო მუშაობა განაშენიანების გეგმის კონცეფციის პროექტზე , რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ფინანსდება.