სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციაში Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

2021-12-17 13:51:00

საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული Log-in Georgia პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში,  გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები დაესწრნენ. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ დახუნდარიძემ აღნიშნული პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია მხარის ხელმძღვანელ პირებს.

Log in Georgia პროექტის შემადგენელი ნაწილია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც ხორციელდება უშუალოდ კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის კოორდინაციით და მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ინტერნეტის გამოყენების პოპულარიზაციასა და ციფრული ჩართულობის ხელშეწყობას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. პროგრამის კონკრეტული ამოცანებია ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა, ინტერნეტის ეფექტური გამოყენების მხარდაჭერა, მოსახლეობის მიერ ელექტრონული სერვისების რეგულარული გამოყენება და უმცირესობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფა.

 ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ციფრული საჭიროებების შესწავლა, რომლის საფუძველზეც შემუშავდება შესაბამისი თემატური ტრენინგპროგრამები სამიზნე სოფლების მოსახლეობისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის, სოციალური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის, ოჯახის სათავეში მყოფი ქალბატონებისთვის, შშმ პირებისთვისა და დევნილებისთვის. პროგრამის ფარგლებში ასევე, დაიგეგმება სახელმწიფო ელექტრონული სერვისებისა და პლატფორმების გამოყენების ხელშემწყობი ტრენინგები და დამწყებთათვის ჩატარდება ზოგადი ციფრული წიგნიერების კურსები.