ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტექნოპარკი გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტექნოპარკი გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.
ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის,“ სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.