სიახლეები

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის, „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართა

2022-01-30 14:24:00

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს კონკურსის „კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტია და არის ინოვაციური წარმოდგენა თხრობის განსხვავებული, არავერბალური ფორმით.

 

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს. წარმოდგენაში გაცოცხლებულია პატარა ქალაქი - ოზურგეთი, რომელიც თავს ითავისუფლებს და შიშის ზარს სცემს უზარმაზარ რუსეთის იმპერიას.

 

სპექტაკლში ხაზგასმულია უბრალო ადამიანის როლი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პერსონაჟები არიან არა ისტორიულად ცნობილი ფიგურები, არამედ გლეხები, რომლებიც იბრძვიან ადამიანური ღირსებების დასაცავად.