პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი ლიდია კრისტმანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებამ პროექტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს, მოხდა პროექტში ჩართული მხარეების გაცნობა და დაიგეგმა სამომავლო კოორდინაციული მუშაობა.
პროექტის მთავარი მიზნებია: საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მიმდინარე სატყეო რეფორმის განხორციელებაში წვლილის შეტანა. პროექტი ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში ცნობიერების ამაღლების, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და შესაბამისი პოლიტიკისა და რეგულაციების მეშვეობით.
პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციისა და საქართველოს მთავრობების მიერ.
ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად.