სიახლეები

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო

2022-04-04 11:05:00

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო.

 

 ოზურგეთის ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის მოქმედ და დამწყებ მეწარმეებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.

 

 „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა არის კარგი შესაძლებლობა მათთვის ვისაც სურს ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის გაფართოება. აღსანიშნავია, რომ გურიისთვის, როგორც ევროკავშირის საპილოტე პროგრამის მონაწილე რეგიონისთვის, გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი  განსაზღვრულია 40 000 ლარით, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კერძო სექტორს საინტერესო ბიზნეს იდეების განხორციელებაში“, - აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

 

 სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმეს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. შეზღუდვა შეეხებათ 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, ასევე 2015-2018 წლებში არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებს.

 

 პროგრამის ფარგლებში განიხილება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.