სიახლეები

ლანჩხუთში ტრადიციული ლელო გაიმართა

2017-04-18 09:46:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ლანჩხუთში სახალხო შეჯიბრი ლელობურთი გაიმართა, რომელშიც სოფელ შუხუთის ორი უბანი „ზემოურები“ და „ქვემოურები“ მონაწილეობდნენ. გამარჯვების მოსაპოვებლად ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. წელს შეჯიბრის გამარჯვებული ზემოურები გახდა და ტრადიციისამებრ ბურთი ერთ-ერთი გარდაცვლილის მამუკა მშვიდობაძის საფლავზე მიიტანეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს პირველად საქართველო მასპინძლობს რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის თასის მოგზაურობაც საქართველოში სწორედ შუხუთიდან დაიწყო. ლელოს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეუფე იოსები, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ტურისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ►ლელობურთი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელიც გურიაში ყოველწლიურად აღდგომას იმართება. ერთმანეთს ორი სოფლის წარმომადგენლები 16 კილოგრამიანი, საქონლის ტყავისაგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს. მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია კი ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი გარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიაქვს. მოთამაშეები ბურთს ტყავის, სველი ქვიშისა და ნახერხის გამოყენებით კერავენ.