სიახლეები

ლანჩხუთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

2018-05-04 19:09:00

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ლანჩხუთში გახსნა და ადგილობრივებს ცენტრის გახსნა მიულოცა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო გამოფენა "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა". ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო და წერილობითი მასალა დაათვალიერეს. გამოფენას 2018 წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.

ღონისძიებას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღემდე საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული ოფისები გამგეობის შენობის მე-4 სართულზე ფუნქციონირებდა. მცირე ფართობი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა ხარისხიან მომსახურებას ართულებდა, ხანდაზმულებისა და შშმ პირებისათვის კი, სერვისებზე წვდომა განსაკუთრებულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო; აქ ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ "მაგთისა" და "ლიბერთი ბანკის" მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის დაბიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ცენტრი ლანჩხუთსა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 32.000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით; 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ლანჩხუთის სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. მიმდებარე ტერიტორია ჰელიუმის ბუშტებით მოირთო, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება.