სიახლეები

დაბა ნარუჯაში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

2018-05-25 12:57:00

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს “ბლუბერიმ“ - 6.9 ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ნარუჯაში მდებარეობს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა მარიამ მეკოშკიშვილმა და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ლურჯი მოცვის ბაღი დაათვალიერეს.

ბენეფიციარი პროექტში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 96,617.63 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 3,382.37 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,201 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 27,632,812 ლარს შეადგენს. აქედან, გურიის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 150 ჰა მიწის ფართობზე, ჯამურმა თანადაფინანსებამ 1,026,175 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.