ანწლი

ანწლი (Sambucus)

ყვავილოვან მცენარეთა გვარი  ცხრატყავისებრთა  ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითლი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 - დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5-1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

სამკურნალოდ გამოიყენება: ფესვი, ნაყოფი, ყვავილი, ფოთოლი, ყლორტი. ფესვი შეიცავს: მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონს; ნაყოფი-ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, პექტინს, შემფერ ნივთიერებას, ამიგდალინს, ვიტამინ C-ს; ყვავილი -სახაროზას, ეთერზეთებს, გლიკოზიდს. ანწლს გააჩნია ბიოლოგიური აქტივობა. არის შარდმდენი, ოფლმდენი, დიაბეტსაწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ამოსახველებელი საშუალება. ხალხურ მედიცინაში მისგან დამზადებულ ჯემს იყენებენ ტუბერკულოზისა და ბუასილის სამკურნალოდ. ფესვების ნახარშს - თერკმლების დაავადებისას; ყვავილების ნახარშს - გაძნელებული შარდვისას; ფოთლების ნახარშს - ნაწლავების კოლიტისას. ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების კატარის, ნევრალგიის, რევმატიზმის, ჭინჭრის დაავადების, ნიკრისის ქარის სამკურნალოდ.